Wednesday, December 9, 2009




წითელი ლინზა
წაიკითხეთ ეს მოთხრობა და გაიგეთ, როგორ ექცევიან განსხვავებულებს..

ახალი წლის ზეიმზე ზანზიბარამ თავის დას წითელი ლინზები აჩუქა, რადგან და გოთი იყო და ძალიან გაეხარდებოდა წითელი თვალები. მთელი ექვსი თვე (ანუ მანამ, სანამ ლინზების ვარგისიანობის ვადა იქნებოდა) ზანზიბარას და თავს მოიწონებდა ყველა როკ-კონცერტზე და მათ გარეთაც, რადგან ექნებოდა წიიიიიიითელი თვალები, როგორც ვირთხას აქვს, როგორც ვამპირებს აქვთ და როგორც უკვე ზანზიბარას დასაც აქვს.
მოკლედ, ზანზიბარამ თავის დას ზეიმზე წითელი ლინზები აჩუქა. დაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სიხარულით აკუნტრუშდა, მყისვე გადაიცვა თავისი გოთური აღკაზმულობა და უუუუუმწვერვალეს გოთურ პლატფორმებზე შეხტა. მერე ერთი დაიჭიხვინა სიხარულით და ბრუტალ-მეტალ-ტრუმპა-ცუმპა კონცერტზე გაქუსლა. თან გზაში იტენიდა თვალებში ლინზებს. წითლებს, ჰო...
სამწუხაროდ, იმ ქალაქში, სადაც ზანზიბარა და მისი და ცხოვრობდნენ, ბევრი ისეთი ადამიანი დააბიჯებდა, ათასი სისულელით რომ აქვს თავი გამოტენილი და ჰგონია, სამყარო მისი აზროვნებით ხელმძღვანელობს..ამიტომ, რასაკვირველია გაყოყოჩებულიცაა ყველაფერ სიკეთესთან ერთად.
მაინც რატომ ჰგონიათ, რომ მართლები არიან? ალბათ იმიტომ, რომ სულ თავისნაირები ეხვიათ გარს, ოდითგანვე! და არასდროს არავის არ ჩაუკაკუნებია მათთვის თავში, აზრზე მოდი, ბიჭო, ნუ აჩმახებ, ტოლი ნახე, კოჭი გააგორეო..
მოკლედ, ზანზიბარას აღტაცებისაგან მთვრალი და თავის წითელ თვალებს ანათებდა ყოველ შემხვედრს და კონცერტზეც წითელი შუქი რომ იფრქვეოდა, ეგონა, მე ვასხივებო და რას გაიგებ, ეგებდა მართლაც ის ასხივებდა? ბევრი იცეკვა გოგომ, იკუნტრუშკეკლუცა, თავი მოაწონა სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ცხოვრებას ტაკო გაუქიცინა… მაგრამ მოვიდა სახლში წასვლის დროც. ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! საღამოს ათი საათი გახდა... ისე, ნაუ კი არა, დინგ-დონგ, იმიტომ რომ ნაუ დიიიდი, დიიიიიიიიიიიიდი ზარების ხმებია და არა დამპალი საათის. ოჰ ეგ დამპალი საათი მართლაც, რა! ჯიგარი იყო სალვადორა, რომ ჯღანავდა და ტყლარჭავდა საათებს..
იმას, რომ გაქვს სახლი და გყავს ოჯახი, თავისი მინუსებიცა აქვს და პლიუსებიც, და მადლობა ღმერთს, უმეტესობა შემთხვევაში პლიუსი მეტია. მაგრამ ზანზიბარას დას (დაჰყურებდა რა განათებულ და აძიგძიგებულ ტელეფონს, რომელსაც თითქოს ავი სული შეძრომიაო, ცახცახებდა და ბრიალებდა_ჰმ,სახლიდან ურეკავდნენ) ნამდვილად არ ახსოვდა ოჯახის სიკეთეები. ძალიან გულდაწყვეტილმა აითრია წელი და თავის მოსაწესრიგებლად ტუალეტისაკენ გასწია. ანუ, გაწეწილი თმების ცოტა დასალაგებლად და ლინზებისთვის თვალის შესავლებად.
შენი გარემო, რომელშიც ცხოვრობ, არის ერთგვარი ქსეროქსი, რომელიც გარკვეული კანონზომიერებით ამოიჩემებს შენს რომელიმე დღეს ან კვირას (დასტეპლერებულ შვიდ დღეს) და აქსეროქსებს და აქსეროქსებს. თითქოს აქ არაფერიაო, ისეთი უსინდისო სახით აქსეროქსებს და რაც დრო გადის, ასლის ხარისხი ფუჭდება უბრალოდ, ნაწერი ჩამუქებული, გადღაბნილი ხდება, გაუგებარი ახალი თვალისთვის, მოსაწყენი ცნობისმოყვარესათვის, გულისამრევად ნაცნობი შენთვის და ასე შემდეგ... მთელი შენი ვაჟკაცობა, გამბედაობა კი იმაში გამოიხატება, რომ ამ დამპალ და თავხედ ქსეროქსის მანქანას თავი ახადო და შიგ შენთვის საინტერესო, ახალი ფურცლები დურთო, რომლების რამდენიმე ასლის გადაღებისთანავე (ანუ, როცა გავა 1, 2, 19 კვირა და როცა მოგყირჭდება, რასაც აკეთებდი) შეაგდებ კიდევ სხვას – ნახატს რამეს – მაკიაჟს მაინც გაიკეთებ ახლებურს, თვითმფრინავის ბილეთს დააქსეროქსებ, სადმე დაახვევ, ანუ...კატას დააქსეროქსებ – ოთხფეხა მეგობრები სულს ორფეხებზე ნაკლებ როდი ახარებენ.. იქნებ ვინმე არსება გყავდეს შეგულებული, მიაქსეროქსებ იმასაც და თუ ხვდები, რომ ეს ჩიტი არრრრასოდეს არ მოგბეზრდება, სამუდამო ქსეროქსზეც გაუშვებ, რომ ყოველდღე კი არა, ყოველდრო გვერდით გყავდეს – მისი არსებობა შენს ცხოვრებას დაეტყოს, როგორც ცხელი წყლით სავსე ვარცლის არსებობა დაეტყობა გაყინულ ფეხებს..(ანუ, თუ რა თქმა უნდა, შიგ ჩაყრი) რომ მისი თანადგომა გადაულახავს, აუღებელს და შეუცნობელს შენი შეშინების უფლებას არ აძლევდეს – ჩარგავ მის კისერში თავს და აღარაფრის გეშინია.. ხოლო ყველაფერი ის, რისი მიღწევაც შეიძლება, შენს უბრალო მიზნად იქცეს, რომელიც მიიღწევა, ისევ და ისევ იმ ვიღაცის უბრალოდ არსებობის და უბრალოდ თანადგომის გამო…და რა გეშველება, თუ ის ვიღაც უცბად მოკვდა?? ქსეროქსის მანქანა ხომ ერთადერთი თავხედი მბრძანებელი არაა ამქვეყნად.. რა გეშველება და ჯერ ინერციით განაგრძობ არსებობას, მერე მოეშვები და მოკვდები… უბრალოდ მოკვდები, თავისით მოკვდები, არაფერი განსაკუთრებული.. შენ არაფერი მოგეთხოვება, მაგრამ ეს არაა ამჟამად დიდად სადარდებელი ამბავი. არავინ არ იცის ხოლმე, როგორც წესი, ვინ ვისზე ადრე მოკვდება, თუკი მოკვდება საერთოდ.. მე მგონი ჩვენ იმიტომ ვკვდებით, რომ გვჯერა, ასეც უნდა მოხდეს, აბა გამოჩნდეს ვინმე თავხედი და განაცხადოს, ფეხებსაც ვერ მომჭამს ვერავინ და ვერარა, ვითომ რატომ უნდა მოვკვდეო, მაშინაც მოკვდება ის ვიღაცა? მე მგონი რომ კარგა ხანს მაინც იბორიალებს..ჰო,რავი,რავი.. თან, ბევრს ე.წ. დაცვის მექანიზმები (ფსიქოლოგიური, მაგალითად ფროიდის-უარყოფა, განდევნა) ისე უმუშავებთ, რომ მართლაც, ან მოკვდებიან და ან არა.. ასე რომ, სადარდებელი ჯერ მაინც არაფერია, დარდი მაშინ ნახე, თუ ასეთი ადამიანი, ვისაც სიამოვნებით მიაქსეროქსებდი სამუდამოდ, საერთოდ არ გამოჩნდა..
მშვენივრად გამოიყურებოდნენ ლინზები. ისეთი კვასკვასები და წითლები იყვნენ, მაიმუნის უკანალი მონაგონია! და ზანზიბარას დაც კვლავ სიხარულით აღივსო, მიუხედავად იმისა, რომ სახლში წასვლის დრო იყო მოსული.
კონცერტი ერთ მიყრუებულ ადგილას ტარდებოდა. ნამდვილად ვერ მიაგნებდი შენით, გულითაც რომ გდომოდა… თუ, რა თქმა უნდა, ლაბირინთში ყველის მაძებარი ვირთხასავით არ იყავი გაწვრთნილი. ის კი არადა, რომც მიგეგნო, უკან გამოგნება იყო მეორე ამბავი და მითუმეტეს ზანზიბარას დისთვის, რომელსაც სივრცობრივი ორიენტაცია საერთოდ არ უვარგოდა.
სამწუხაროდ (ნამდვილად სამწუხაროდ) იმ საღამოს ზანზიბარას და გულაჩუყებული იყო თავისი ძმის საქციელით (ლინზები რომ აჩუქა) და ამიტომ გადაწყვიტა, მეამბოხეობა დროებით დაევიწყებინა და მალევე მოესვა სახლისაკენ. კონცერტი ჯერ დამთავრებული არ იყო, ხალხი ახლახანს შესულიყო მუღამში, დაქალსაც ეს-ესაა შეება ერთი სიმპო ბიჭი, წინა ჯგუფის ვოკალისტი და მთელი მონდომებით ეფარცქველებოდა. აბა ის რისი წამომსვლელი იყო და ზანზიბარას დაც მარტო გამოეტენა გაძეძგილი კლუბიდან,
ცივი ჰაერი, ღამის ცივი ჰაერი ეცა სახეში. ცხვირი შავ პალტოში ჩარგო და იქით გამოსწია, საითაც გასასვლელი ეგულებოდა. კუთხიდან შავმა კატამ დასჭყივლა და ზანზიბარას დამ გაიფიქრა, ეს ცუდის ნიშანიაო, მაგრამ ვაი, რომ საკმარისად ცრუმორწმუნე არ გახლდათ! რა კარგი იქნებოდა, კლუბში დაბრუნებულიყო და თავისი დაქალის ტყლარჭვისათვის დილამდე ედევნებინა წითელლინზიანი თვალი.
მაგრამ ზანზიბარას დამ გზა გააგრძელა – კლუბიდან გამოსული ორი ტიპი დაინახა, ალბათ ქუჩაში გადიან ესენიცო და შტერი კნუტივით დანდობილად გაყვა უკან.
მიალაჯებდა ორი აყლაყუდა, თან რაღაცაზე კამათობდნენ გაცხარებით. ზანზიბარას და კი, გულში შიშშეპარული, თავდახრილი მისდევდა უკან.
თითქმის მთელმა საუკუნემ განვლო, სანამ ქუჩამდე გააღწევდნენ. როგორი საყვარელი და კეთილი ეჩვენა ზანზიბარას გოთ დას განათებული და ხმაურიანი ქუჩა! Aაყლაყუდებმა მარცხნივ გაუხვიეს, გახარებულმა გოგომ კი ავტობუსის გაჩერებას მიაშურა. საბედნიეროდ, სკამიც დახვდა (სკამი დიდი ბედნიერებაა, როცა გეჯდომება)
დაჯდა და კმაყოფილი სახით ავტობუსს დაუწყო ლოდინი.

ღამის ქუჩის განათებაზე წითელი ლინზები ალბათ სულ სხვანაირად იბრჭყვიალებდნენ! და ზანზიბარას დამაც ჩანთიდან პატარა სარკე დააძრო. თავის გამოსახულებას მიესიყვარულა. ჩათვალა, რომ მშვენივრად გამოიყურებოდა და ამაყად ასწია რკინეულობით დამძიმებული თავი (ორმოცდაათამდე რკინის თმისსამაგრი ჰქონდა მიეკლებული თმებზე)
გოგოს ამაყი მზერა იქვე მდგომ წყვილს შეეფეთა თვალებში. რა საოცარი შეგრძნება იყო – ეგრევე შეუძვრნენ, შეანათეს ერთმანეთს - თვალი თვალში გაუყარეს. და ზანზიბარას დამ ამ თვალებში კარგი ვერაფერი ამოიკითხა. იმათაც იგივე გაიფიქრეს. უთუოდ არაფრად ეჭაშნიკათ გოგოს წითელი თვალები, აცმუკდნენ. რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს. ეს ჩურჩული ყმუილს, წკმუტუნს, შეკავებულ ღრენას უფრო გავდა, ვიდრე რაიმე ადამიანურ ხმას.
ზანზიბარას და გააჟრჟოლა. სიცივეს დააბრალა. ამ დროს მისი ავტობუსიც ჩამოდგა გაჩერებაზე. და ის იყო, კიბეზე უნდა აედგა პლატფორმიანი ფეხი, რომ ხელში ვიღაც წვდა და უკან გაითრია. ავტობუსის კარი ჩლახუნით დაიკეტა და ეს ყვითელი მატლი ისეთი კუდამოძუებით გავარდა, რა სიჩქარითაც ნამდვილად არასდროს უვლია, არც ავტობუსს და მითუმეტეს, არც მატლს.
ზანზიბარას დამ გაოგნებულმა გააყოლა თვალი ბოლო ავტობუსს და უცბად აასხა. ახლა მეტროთი მოუწევდა თრახთრახი, აბა სადღა ქონდა ტაქსის ფული? მიუტრიალდა თავხედს და არააადამიანური ხმით (გაცოფებული გოგოს ხმით, რომელიც ბრუტალ-მეტალ-ტრუმპა-ცუმპას უსმენს დღედაღამ) უღრიალა:
-რა გინდა? ვინა ხარ? რატომ ჩამომათრიე, შე დამპალო?
ისე იყო გაღიზიანებული, რომ შიშს ვერ გრძნობდა. ვერ ხედავდა, უცნობი ქალი და კაცი რა გაავებულები უმზერდნენ. ვერ ხედავდა მათ სახეზე გადაფენილ ზიზღს, ვერ ხედავდა მათ მომუშტულ ხელებს.
-თხლაშ!.......
გაიგონა გოგომ და მიიკარგა.
გონზე რომ მოვიდა, საშინელი ტკივილი იგრძნო თვალებში. ძლივს გაარჩია, მის სახესთან დახრილი ორი სილუეტი. ეს ის ქალი და კაცი იყვნენ, გაჩერებაზე მუშტი რომ თხლიშეს სახეში. ბნელოდა. გაჩერებაზე აღარ იყვნენ, თავი ცივ კედელზე ქონდა მიყრდნობილი, სველ მიწაზე ეგდო. იქაურობა შარდის სუნად ყარდა. ეს ორნი კიდევ ძალით ახელინებდნენ თვალებს და თან ფანარს ანათებდნენ შიგ.
-კი,კი, წითელია! Nამდვილად ის არის! –აჩქარებით ბლუკუნებდა ქალი.
-თან დუჟიც გადმოსდის პირიდან! რა უნდა ვქნათ? – იკითხა კაცმა ისეთი იერით, რომ ეტყობოდა, ბევრი დარწმუნება არ სჭირდებოდა, ისედაც იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
-მალე, მალე, სანამ ვინმე მოსულა! მერე ახსნის თავი არა მაქვს! ისედაც ხომ ვიცით, რომ სწორად ვიქცევით?! ვერ ხედავ, ეს გოგო ეშმაკეულია! – ღრინავდა ქალი – დროზე მოუღე ბოლო, სანამ საბოლოოდ მოსულა გონზე და ნაწლავები გამოუგლეჯია ჩვენთვის!! მალე! მალე!
-მე.. მე არ შემიძლია! – თქვა უცებ კაცმა და გოგოს ხელი ცივად გაუშვა. –მე არ შემიძლია!
-რაა?? –ზიზღით აივსო ქალი.
-მერე მაგისიანები მიპოვნიან და შურს იძიებენ.. ჩაიბურტყუნა კაცმა და გავარდა. თავქუდმოგლეჯილი გავარდა. გზადაგზა პირჯვარს იწერდა გამალებული და ისე მიქროდა, ერთხელაც არ მოუხედავს უკან.
ქალმა აღარ იცოდა, რა ექნა – კაცს გაჰკიდებოდა თუ საქმე თვითონ მიეყვანა ბოლომდე.
-დამპალი ვირთხა!- ჩაისისინა გამწარებით.
-დამპალი, მშიშარა ვირთხა! არადა, მსოფლიოს რომ კითხო, კაცები არიან, რაც არიან! ერთ კახპას ვერ გამკლავებია, ღორს ეშმაკებთან მებრძოლად მოაქვს თავი! Aხლა ეს გრძნეულიც უნდა გავუშვათ, რომ მერე ჩვენი ქალაქის ბავშვები დაჭამოს?? სისხლით გატიკნულა, თვალები რპგპრ უელავს! Mისვენებულა აქ, ვითომ ცუდადაა, არადა, მაკვირდება, ერთი სული აქვს, გაქცევას როდის გადავწყვეტ, რომ მერე კბილებით მწვდეს კანჭში და ხორცი ამაგლიჯოს! როგორც იმ ფილმშია, ისე!
ქალი მთლიანად ცახცახებდა, ზანზიბარას დას საფეთქლებზე ოფლმა დაასხა. ორი მდედრი შეშინებული შეჰყურებდა ერთმანეთს თვალებში და არ ესმოდათ, არცერთს არ ესმოდა, რა ხდებოდა.
-ხმასაც რომ არ იღებ, გგონია, შენი მეშინია??
და ქალი უცბად ფეხზე წამოვარდა – Qქალში განსხეულებულო სატანავ, შენ ქალი მოგიღებს ბოლოს! გგონია მაგ მდუმარე, გაფითრებული სახით მომილბობ გულს? გგონია ჩემს შენხელა შვილს შეგადარებ და დავეჭვდები შენს ბოროტებაში? გგონია არ გავაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ჩემი ვალია? გგონია, რახან ჩემი კაცი ასე გაიქცა. მეც შემაშინებს შენი შურისძიება??
ქალი უკვე გაჰყვიროდა და ვაი, რომ ამ ყვირილით ძალას იკრებდა, საკუთარ ძლიერებაში, საკუთარ ყოვლისმომცველობაში ირწმუნებდა თავს. ვაი, რომ ყოველი სიტყვა გონებას ურევდა, ვაი, რომ გოგოს თავზე ჯერ რქები “დაინახა” ქალმა, მერე კუდი, ბოლოს ჩლიქებიც “გამოჩნდნენ”.
-მოკვდი, ვოლანდ! დაიწივლა ქალმა და მისვენებულ, შიშისაგან გახევებულ გოგოს მუცელში დანა ტარამდე შეასო.
-მოკვდი, წყეულო სატანავ! დაატრიალა დანა ქალმა.
-მოკვდი, გრძნეულო! დაიხავლა გაგიჟებულმა და დანა ახლა ზურგში ჩაარტყა წინგადმოხრილ გოგოს.
-მოკვდი, ლუციფერო!
-მოკვდი, დემონო!
-მოკვდი, საზიზღარო ტარტაროზო!
-მოკვდი, მოკვდი!
-მოკვდი!
და ქალი უსულოდ დაეცა მიწაზე.

ეს "მოთხრობა" შეიცვლება...მაგრამ სანამ არ მცალია/მეზარება, ეგდოს ასეთად...ფიჰ..:P

ასკილი
თანდათან ვრწმუნდები, რომ ეს მოთხრობა ავადმყოფობის დროს ნანახ სიზმარზე უარესია..თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არა აქვს, რადგან თუ მას წაიკითხავთ, ხიფათს გადაეყrებით, თუ არ წაიკითხავთ, ხათაბალაში გაეხვევით, ხოლო თუ თავის დაძვრენის მიზნით სხვას ეტყვით, ხმამაღლა წამიკითხეო, კანის კიბო არ აგცდებათ! ასე რომ, ვივა გზაჯვარედინებს! დააა... თამამად, თამამად!

იდგა მონიტორი. უფრო სწორად, პროცესორი. აუჰ, ის ყუთი, ფუტკრის ფიჭასავით დახვრეტილი უკანალით, თუ ზურგით. ზემოდან დახტოდა ვირჯინია. ანუ, ზურგზე დახტოდა, თუ დარბოდა. ააგდებდა ქვას და შეუშვერდა თავს. ხანდახან ქვა ძირს არ ვარდებოდა, ანუ არ ვარდდებოდა. ასეთ დროს ვირჯინია მუცელში იცემდა სამართებელს და გარბოდა დეპილაციის გასაკეთებლად.
იმ დღეებში, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, სხვები კარგად ვიყავით და გრამატიკასაც ვსწავლობდით. მაგრამ, ერთხელაც, ვირჯინიას ყველაფერი აერ-დაერია და ქვის მაგივრად სამართებელი ააგდო ზევით. თავი რომ შეუშვირა, სამართებელმა თმები წააჭრა და რადგან ვირჯინია იყო სამსუნი, ისე დაუძლურდა, რომ ძლივძლივობით აიღო ქვა და მუცელში (თუ...) ირტყა და ირტყა. ისიც ძლივძლივობით.
როცა დასუსტებული ვირსონი საბოლოოდ პროცესორიდანაც ჩამოვარდა და კისერი მოიმტვრია, სხვები, და ანუ ჩვენ, გავკოტრდით და აღარ გვქონდა დრო და ძალი გრამატიკის სწავლისა. ავიღეთ დაბალპროცენტიანი სესხი და გავეშურეთ ბედის საძებნელად. ბედი იგივე მაღალანაზღაურებადი უსაქმურობაა, ამიტომ სასიარულო ბევრი გვქონდა და ჩვენც, ანუ სხვები, კარგად მოვემზადეთ.
თავდაპირველად, გავიყავით რაც გვებადა: პროცესორი ერგო უფროს დას, ქვა შუათანას, სამართებელი კი უმცროსს. ანუ ნაბოლარას და ზოგიერთი ზღაპრისაგან განსხვავებით, ყველაზე ჭკვიანს.
მე, რადგანაც ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი, არაფერი დამიტოვეს, გრამატიკის წიგნის გარდა, რომელიც მალე გაქრა, საპატიო მიზეზების გამო. არავითარი მისტიკა, სულ მარტივი მოძრაობით კუდრაჭა გლეხებმა ტრაკში გამოისვეს.
ჩვენ, ანუ სხვები, სარჩო-საბადებლის გაყოფას რომ მოვრჩით, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, ღირდა თუ არა უსაქმურობის საძებნელად წასვლა, ამ მძიმე სამუშაოს კეთება ხომ აქაც შეგვეძლო. ალბათ გვეშინოდა ახალი ცხოვრების დაწყების. მაგრამ მერე გაგვახსენდა, რომ აქ, იქაურობისაგან განსხვავებით ნამდვილად არავინ გადაგვიხდიდა და ამიტომაც გავუდექით გზას.
თუმცა მე რა... გაუდგნენ ჩემი უფროსი დები. მალე გაიყარნენ კიდეც, რადგან გზაჯვარედინი აუცილებლად შეხვდებოდათ და თავ-თავიანთ გზას დაადგნენ. მე ჯერ კიდევ ჩემი კისერმომტვრეული ვირსონის საშოში ვიჯექი და მიუხედავად დიდი აქტიურობისა, ვირსონის კისერმომტვრეულობამ მაინც შემიშალა ხელი, მეც დავდგომოდი რაიმე გზას, მაგრამ ბედმა არ გამწირა და ჩემი უფროსი დები უკანვე მობრუნდნენ, არ კი ვიცი, რატომ.
ვირსონის მუცლიდან რომ ამომათრიეს, ეგრევე წავიდნენ და მეც უკან გავყევი.
ავედით ჯერ მთაზე. იქ სწრაფად სიარული გვიჭირდა და ამიტომ ასკილის კრეფით ვირთობდით თავებს, სამართებლით ვკეპდით, ქვით ვსრესდით და პროცესორში (რომელიც დიდი ხანია გამოშიგნული იყო) ვყრიდით. ვიმედოვნებდით, რომ როდესმე შევძლებდით უსაქმურობით ნაშოვნ სახლში ამ ასკილის ჩაის მშვიდად დალევას.
მალე მე გავცივდი და ჩემი უფროსი დებისათვის კიდევ ერთხელ რომ არ შემეშალა ხელი ბედის ძიებაში, კლდიდან გადავხტი.
ეს კლდე იყო პროცესორი, რომელსაც ჰქონდა ფიჭა. ფიჭის ნასვრეტებს უკან მოჩანდა დანაყილი ასკილი, რომელსაც ყოველმიზეზგარეშე ჩაიდ ქცევა ეწერა.
მე, როგორც არაწესიერი და იშვიათად გამოყენებადი ზმნა, მალევე დამივიწყეს უფროსმა დებმა. მაგრამ მე მათ ყველაფერს ვპატიობ, მითუმეტეს, რომ ჩემი არსებობა მხოლოდდამხოლოდ სასიამოვნო სიზმრით თავის მოტყუება იყო და მეტი არაფერი.
ჩემმა უფროსმა დებმა მართლაც იპოვეს, რასაც ეძებდნენ და ხალხმა მათ ბედნიერი დები შეარქვა.
მეზარება მათზე თქვენთვის მოყოლა, თან, კაცმა არ იცის, გაინტერესებთ, თუ არა. ერთს გეტყვით მხოლოდ, ასკილს თუ დანაყავთ, უფრო კარგად გამოუშვებს წვენს და თქვენც მეტად ისიამოვნებთ მისი ნაყენის მირთმევით.
T.B.

Tuesday, December 8, 2009

Monday, December 7, 2009


ვიწყებ შუიდან
დაიკიდეო მეტყვის ვიღაცა
და მოუკიდებს მშვიდად პაპიროსს
შენ ალბათ ფიქრობ მე ეხლა ვიტყვი
თავის დარდები ბოლს გააყოლა
და ამ უაზრო ეპითეტებით
გადავწყვეტ ვინმეს გულის მოგებას
ეს უძლურება და უაზრობა
ჩემთვის გამოდგა ძაან დამღლელი
მიმოიხედე ერთი შენს ირგვლივ
და აღმოაჩენ უამრავ ყალიბს
ყალიბი გიჟის
მამულიშვილის
სამოქალაქო თვითშეგნების დიდი ყალიბი
ლიბერალების, ავტოკრატების
ინადურებისთვის მუსრის გავლების მსურველი სექტის უიშვიათესი ყალიბი
ყალიბი დიად როკ მომღერლის, ელასტიური (მაინც ყალიბი)
ქათიბნაპენტი ხალხის ყალიბი
ვითომბელადთა ყალიბი
სარგებლობს დიდი პოპულარობით
მაგრამ ყველაზე გულისამრევი
არის ყალიბი თავისუფლების
ჩვენ დაშტამპული ბედნიერების ხანის შვილები
რა გვინდა ერთი, რომ ვიფიქროთ, თუ ძალგვიძს ფიქრი
ბინა, მანქანა, აგარაკი.. ჰა ჰა მეორე ბინა კიდევ სადმე
ქორფა ნაშები(გოგოებისთვის ბიჭი-ნაშები ან სულაც ქმრები), კარგი საჭმელი
შესაფერის (ვითომ)მეგობართა წრე, სადაც ყოველთვის დაფასებულად და ბედნიერად ვიგრძნობთ თავს
გამზადებული დაშტამპული ბედნიერება მილიარდობით არსებისათვის
ვტრიალებთ წრეზე
უამრავი საუკუნეა
გამოქვაბულის ხანიდან მოვედით თეთრი კარკასის ხანამდე ვაკეში (ანდა საბურთალოზე)
რა პროგრესია, დასცხეთ ყიჟინა
აი ტარზანმა რომ იცოდა ისეთი
მაგის დამწერი, ბეროუზი ცოცხალია ნეტავ
ამბობენ ბლომად გაეყიდაო თავისი წიგნი
ჰოდა რას ვამბობ
ყლეობაა...
არ მოგესმა
ასეა ხო (მერე რა მოხდა ჩემი ნაწერი თუ არ აკმაყოფილებს სალიტერატურო ნორმებს, რამე პრეტენზია გაქვს?)
ტარზანზე არ ვიძახი მაგას
საერთოდ, რაც ხდება ჩვენს თავს
რაღაც ეტაპი გავიარე ამ ცხოვრებაში
მაგრამ არც ვიცი რა ვურჩიო მე ჩემზე უმცროსს რომელიც ეხლა იდგამს ფეხს
ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება რომ ვარსებობთ
რატომ ვარსებობთ ეგ ხომ საერთოდ ბურუსში ცურავს
რძისფერ ბურუსში (არა, ეგ რძე არაა... დავესესხები ერთ რძისმოყვარულს)
რამდენი წუთი დაკარგე ნეტავ ამ აბდაუბდის კითხვაში
ალბათ გერჩივნა რომ გაგევლო ლუდის ბარში
გაიგრილებდი მზისგან დამწვარ გულს
ვერ ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე
ტყუილად ეძებ აქ დიდ აზრს ან სიბრძნეს
ეს არაფერი არ არის
აქ ვერ იპოვი ვერც კარგ რითმებს
და არავინ არ შეგიტოკებს გულს
ამ სტრქონებში აბსურდიც კი არ მოჩანს (ლუპითაც რომ დააკვირდე)
მაგრამ ნუ დარდობ, ეს დრო მარტო შენ არ დაგიკარგავს
მეც სულ ტყუილად გამიფრინდა (ჯერ კიდევ არ ვიცი რამდენი წუთი, საინტერესოა სადამდე გასტანს ეს გიჟური ბოდვა)
ფულსაც არავინ გადამიხდის ამ სიბრიყვისთვის
მფლანგველები ვართ
უყაირათონი
და ადამიანები გვქვია
ჩვენი დიდი წინაპარი მაიმუნები (თუ პითეკანტროპები რავი რა ქვიათ თუ ერქვათ)
იამაყებდნენ თუ არა ჩვენით
საკითხავია
არ შემედაოთ ახლა... მაიმუნი არაო, ჩვენ ღვთის შვილები ვართო და ეგეთები
რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს
თუკი შედეგი არის გენეტიკური კრახი და ჩიხი
საკითხავია რა იქნება სიკვდილის შემდეგ
მე შენ გეტყვი რომ ეს იქნება
თავისუფლება (ოღონდ ამჯერად ხის ყალიბში ჩასვენებული)
მაგრამ ყველაზე თავისუფალნი
მაშინ ვიყავით
როცა ჯერ კიდევ არ ვარსებობდით
სიკვდილს მერე კი იქნება არაფერი
თუ არ იქნება?
ვიცი დიადო ქურუმებო, ნუ აღშფოთდებით
სხეული მარტო სამოსია ამბობთ სულისთვის
მთავარი სულიაო...
საოცარია მაგრამ ხანდახან
სამოსი უფრო ძვირფასია ვიდრე მისი მატარებელი
მოდი მივეცეთ ყველა თვითგვემას
და გავიროზგოთ ყველამ თავები
ო მიდი მიდი... არ დამზოგო
გამწკეპლე ოზგუდ (რა შუაშია, მაგას მაინც ვერ მიხვდებით, იმ ერთის გარდა)
მომწყინდა რაღაც, დროა ფირფიტა(პლასტინკად წოდებული) გადატრიალდეს
ესეიგი მე ვამბობდი რომ
გვირაბის ბოლოს არ ჩანს სინათლე
ცუდია... მეტი ოპტიმიზმი გვმართებს
ჰო
მაინც
კარგია არა
ყოველ დილას რომ ვახელთ თვალებს
გემრიელად ვიზმორებით
ზოგი წამოხტუნდება მაშინვე
ზოგი ცოტას ინებივრებს, ერთი ორს დაანძრევს (ყოველი შემთხვევისთვის, ვინ იცის, იქნებ ბოლო დღეა დღეს, რაც სულ არ არის გამორიცხული თუ გაიხსენებ თბილისიდან ძალიან ახლოს დგანან ღრუსების ბომბდამშენები, ღრუტ ღრუტ... თქვენს დედას კი მოვეალერსე)
ჰოდა შევხარით ყველანი მზის პირველ სხივებს
სითბოთი გვევსება გულები და სულები
ჰო კიდევ
წეღან ვაპირებდი რაღაცის მოყოლას
თუ წაგიკითხავთ შოთას ლექსი კატაზე (იმ შოთასი არა ვეხვზე რომ წერდა)
გეხსომებათ როტვა ამალიასი (დაქნეული დედაკაცი იყო ერთი)
რომელიც ამბობდა საიქიოს გზა ეკლიანიაო
იქ შესასვლელად ხიდი დაგხვდებათ
რომელიც უნდა გაიაროთ
ამ ხიდს კი კატა დარაჯობს (დიახ, ჩვეულებრივი ფისუნია)
და ის იძლევა საიქიოში შესასვლელ ბილეთს (თუ ვიზას, არ ვიცი რა ქვია იმათთან)
ჰოდა ვაი და სიცოცხლეში ვინმეს კატა გყავთ გამწარებული, ან სულაც მოკლული (ო, არა!)
კატა ხიდიდან გადაგაგდებთ უფსკრულშიო, გვპირდებოდა ამალია
ჰოდა ძრწოდეთ ყველანი
ის კატა უფსკრულში გადაგდებამდე ჯერ კარგად მოგტყნავთ
დიახაც მოგტყნავთ! (ზოგს ალბათ გაუხარდა... რავიცი აბა)
მე დიდი ცოდვა არ მიმიძღვის ფისუნიების წინაშე
თუმც ბავშვობაში ერთი ორჯერ გადმოვაგდე აივანიდან
თვითნაკეთი პარაშუტის ახალ მოდელს ვცდიდი და...
საბედნიეროდ კონსტრუქცია აღმოჩნდა კარგი
და ციცუნია უვნებელი დაეშვა ძირსა
არა მგონია მაგისთვის რამე დამიშავოს ხიდის დარაჯმა
თქვენც გაიხსენეთ სიკვდილამდე რათა იცოდეთ რა გელით წინა
ეს ყველაფერი რაც მე მოვყევი (აი შუიდან როცა დავიწყე)
მოულოდნელად მომივიდა თავში დღის ბოლოს
სამსახურიდან რომ მოვქროდი სახლში მანქანით
კაი ხანია (მრავალი წელი) არაფერი დამიწრია, არც ვაპირებდი ღმერთი რჯული
მაგრამ ანაზდად
რაღაც ურითმო სიტყვათა გროვა მომაწვა თავში და ცდილობდა რომ გამოეღწია სხეულის გარეთ
ერთი წუთი მოვალ ეხლავე, საინფორმაციოს შევავლებ ტვ-ში თვალს (ჰო, დავყლევდი)
ოკ, აქ ვარ : )
დიდი არაფერი უთქვამთ, როგორც ყოველთვის ისევ ქაქში ვართ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში
ჰოდა დავიწყეთ
ჩემო კეთილო მეგობარო, ადამიანო
წუხხარ, დადიხარ ამქვეყნად მარტო
შეძლებ ნეტავ რომ ბეწვის ხიდზე გადაიარო
და ეგ მხეცური ბუნება მართო
არა, რითმები აფუჭებს აზრებს
და ობერტონებს ამახინჯებს ძალზედ სასტიკად
იქნება კუდის მოქნვა გინდა შუა რითმაში, მაგრამ არა გაქვს
არც ადგილი და არც აზრის წყობა შესაფერისი
იქ დათვლილია ყველა მარცვალი
ასე რა, მოკლედ
მიდი აჭყივლე ტუჩის გარმონი
ჩაჰბერე მთელი ძალით ფილტვების
გამოაღვიძე მძინარე ხალხი
რათა გაგინონ
და უნიჭობაში დაგდონ ბრალი

P.S. სასვენ ნიშნებზე არ მიზრუნია, თავად გაართვით როგორმე თავი.
P.P.S. თუკი ვინმე ამ ნაწერმა ჩააფიქრა და ჭმუნვას მისცა, და გადაწყვიტა რომა ჩაქუჩი ჩაერტყა ყვერში(თუ აქვს ცხადია)... გულს ნუ გაიტეხთ, ეს ყველაფერი(და სხვა დანარჩენიც) არის ბულშითი ანუ იგივე კამეჩის ნეხვი - შენ გიყვარს ძეხვი? გიმმე სექსი ააა... გიმმმე სექსი აა... ჯჯ... ჯ... ჰო ისა. არაფერი - ეს უნდა დამეწერა ბოლოს, მერე წაშლა გადავწყვიტე მარა ჯანდაბს დარჩეს როგორცაა

author: Caboclo Cat(D.M.)

ბუს კვერცხები


შეყვარებული წყვილები საღამოს ელოდებიან ხოლმე ტბის გარშემო. ტბა არის მწვანე და სქელი. შეყვარებულები იცვამენ მწვანეს, რომ არ გამოჩნდნენ ტყეში და ტანსაცმლიანად გორაობენ ხეებქვეშ. ისეთი შეუმჩნევლები არიან, ისეთები, რომ ხანდახან ერთმანეთს კარგავენ. მერე, გორაობა-გორაობაში აღმოაჩენენ, რომ სხვისი შეყვარებულის ტუჩი აქვთ მოგდებული და დარცხვენილები დგებიან, ტანსაცმელს იფერთხავენ და ლოყააწითლებულები მიიპარებიან თავიანთი ნამდვილი კაბოკლოების საძებნელად. ზოგი ვეღარც პოულობს, ზოგს ახალი მეტად მოსწონს და მოკლედ, ასე საინტერესოდ გადის დღეები, უფრო სწორად მუქი საღამო-ღამეები სქელი ტბის გარშემო.
სანამ გორაობების დრო მოატანდეს, იმ ტბის პირას კონცერტები იმართება ხოლმე. ერთ დღესაც, კერძოდ კი შემოდგომის დღეს, მე და ჩემი ორი მეგობარი ავედით. არ ვიცოდით, რა გველოდა, ქალაქში უაზროდ ხეტიალისას გამვლელების საუბარი შემოგვწვდა და იქიდან გავიგეთ, რომ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი რაღაცას აპირებდა სქელი ტბის პირას და ავბოდიალდით ჩვენც, საქმე არაფერი გვქონდა. სანამ ხალხი არ შეგროვდა, მერე არ დაიღალა და ბოლოს ნახევარი არ წავიდა, არ დაიწყეს. ჩვენ ჯიუტად ველოდებოდით, ადამიანებს ვათვალიერებდით და ადგილზე ვძუძგაობდით. მაგრად გაგვეყინა ფეხები, ნუთუ ბათინკებიც ფსევდო გვეცვა? საქმე გააჭირა რა ამ ფსევდომ, რაღაც ფსიქოლოგიური სტატია წავიკითხე რამდენიმე დღის წინ და ისე მომეკრო, როგორც ჩემი მშიშარა ძაღლი მეტმასნება ხოლმე, მეზობლის უზარმაზარი მონსტრი რომ უყეფს. ამეკვიატა და ახლაც სწორედ მაგით ვირთობდი თავს. ფსევდო რაღას აღარ მივუსადაგე ჩემს გარშემო. კონცერტიც ფსევდო გამოდგა.. იმ გაგებით, რომ არანაირი ესთეტიური სიამოვნება არ მოუტანია, ვფიქრობ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არავისთვის და საერთოდ, თავი და ბოლო ვერ გავუგე. მაგრამ ერთ რამეში კი მართლა მაგარი იყო. ესეც, და ყველა სხვა კონცერტიც – ემოციებში.. ვინც გამოვიდნენ და დაუკრეს (ამას თუ დაკვრა ერქვა) მათ ემოციებს ცოცხალი და თანთალა ორგანიზმებად ვხედავდი. მართალია თითოეული მონაწილე ზედ ჩვენს თვალწინ გულმოდგინედ ეცადა, self-ზე კონტროლი მოეხსნა (როგორც იტყოდნენ ყოვლისმცოდნე ფსიქოლოგები) ანუ გამომტყვრალიყო და ისე გამოვარდნილიყო ჩვენს, ანუ კაცმა არ იცის, რისი მოსურნე მსმენელის წინაშე, მაგრამ მე, როგორც ემოციების ყველაზე გულმოდგინე მაძიებელს და გაფაციცებულს, ვერაფერს გამომაპარებდნენ. კარგად ვიცოდი მათი მუხლების კანკალი და ღელვა. ინსტრუმენტების გამოტანის და დაწყობა-აწყობის პროცესიც ისე მიყვარს! ამ დროს ემოციების ბუღი დგას, რომელიც სცენიდან ეგრევე გულში გეყრება. ტანდათან შენც ისე მტვრიანდები ამ ემოციებით, რომ გაფერთხვის სურვილი გიჩნდება და იმ მიზნით, რომ ეს მტვერი შენი გულის ტუმბოდან როგორმე გადაყარო, იწყებ როკვას. როკ-კონცერტებზე, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები როკავენ და არა ცეკვავენ. ცეკვა სხვა რამეა, კონცერტებზე მიდის როკვა. ამიტომაა, რომ არასდროს არ ვიგვიანებ კონცერტებზე, ბევრად ადრეც მივდივარ ხოლმე, თუ მოვახერხე. ანუ, თუ ბილეთის ფული მაქვს და თან არც მენანება. კონცერტებზე მოსიარულე ხალხმა ყველამ კარგად იცის, რომ თუ უფასოდ ან ნაკლებად შესვლა გინდა, კარგა მაგრად უნდა დაიგვიანო. ყველა შემსვლელი შესული როა უკვე და დაცვის ბიჭებიც გაბეზრებულ-მოწყენილები. მათ ხომ ასე ახარებთ შენი ხვეწნა-მუდარით დაჭყანული სახის ყურება.. და მერე რარიგ იბადრებიან, როცა ბოლოს და ბოლოს, მოიღებენ მოწყალებას და „ჯანდაბას, შედიო“ გეტყვიან?! განა ძნელია ამის გაკეთება? სულაც არა! თან, მთელი შემდგომი ხანი ის გახარებს და გსიამოვნებს, რომ ფული არ გადაგიხდია და ამდენ პიჟონში, ვინც ისე გამოყეყეჩდა, რომ ამისთანა დაბალი დონის კონცერტზე ბილეთი იყიდა, ერთადერთი შენა ხარ ასე მაგარი, ასეთი მეამბოხე და პატივსაცემად გაქნილი არამზადა, რომელმაც შეძლო და უსასყიდლოდ შემოაღწია! მაშ არადა, ამ სისულელეში ფულს გადაიხდიდი! მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან მაგარია და ერთობ დიდი სიამოვნების მომტანი, თუმცა ხშირად ამის ე.წ. პონტი არაა ხოლმე და მეც, იმ ზემოთმოხსენიებული ყეყეჩებისდა დარად, მორჩილად ვდგავარ სალაროსთან გაჭიმულ რიგში, უზარმაზარფასიანი ბილეთის საყიდლად. ასეთ დროს თვალებს ვარიდებ ხოლმე ფულს, რომელსაც ვაწვდი მოლარეს, რომ მერე ეკლად არ შემესოს, ეს რა ჩავიდინე-მეთქი. აბა?! კონცერტებზე სიარული ერთობ დიდი რისკია _ ნაცნობი, ანუ გამოცდილ-მასიამოვნებელი შემსრულებელიც კი ვერ გიხსნის ხანდახან იმედგაცრუებისაგან, სრულიად უცხოები ხომ საერთოდ, ხასიათს ხშირად აფუჭებენ. ამ ყველაფრის შემდეგ, ცოტა მიძნელდება ავხსნა, თუ რატომღა მიმიწევს გული მსგავს ღონისძიებებზე.. ვერც იმას დავაბრალებ ჩემს თავს, რომ უხეირო მუსიკოსების ხილვა გულზე მეფონებოდეს, როგორც არამონათებულ ვარსკვლავს და ჩემს დაშხამულ გულს ვიოხებდე.. ნამდვილად არა, გულისგამაწვრილებლად რომ ააჩხარუნებენ ხოლმე საკრავს, ან საძაგლად კნავიან, მათ მაგივრად საშინლად მრცხვენია და აღარ ვიცი, სად დავიმალო.. სამაგიეროდ, თუ იყოჩაღებენ და სასიამოვნოდ შეასრულებენ, თვალზე ცრემლი მადგება და ცმუკვას ვიწყებ.. თითქოს რაღაცის იმედიც კი მიჩნდება.
ამ და სხვა მსგავსი ფიქრებით გართულს უცბად ისეთი რამ მეზმანა, რასაც ახლა გაჭირვებით აღგიწერთ და მთელი ჩემი ძალებით ვეცდები, სინამდვილეს ზედმიწევნით მივუახლოვო...
საიდან და როგორ, ღმერთმანი, ახლაც ვერ ვხვდები, წვიმამ დაუშვა, თბილმა! თბილი წყალი გადაგვევლო ყველას და აზრზეც ვერ მოვედი, უკვე სულ დავლპი.. ჩემს ტანსაცმელს რომ დავყურებდი გაოცებული და წამწამებდამძიმებული, Acid JAZZ–ის ულმობელი მელოდია ჩამესმა.. არავინ არ უკრავდა! ჩემისთანა სმენის პატრონს ნამდვლად არ უნდა გამჭირვებოდა იმის მაინც გარკვევა, თუ საიდან მოდიოდა ეს ჯადოქრული რიტმები! ვერაფერიც ვერ გავარკვიე..რაღაც უსიამო გრძნობა გამიჩნდა.. ჩემი მეგობრებიც დაფეთებულ დაშტერებულები შემომცქეროდნენ. უცბად, ზედა ბილიკიდან გორგოლაჭებზე შემდგარი წითელთმიანი გოგო დავლანდე. თავქვე ეშვებოდა და მერედა რას იშველიებდა? სათხილამურო ჯოხებს! ღმერთმანი, ეს უკვე მეტისმეტი იყო, ისედაც დაბნეული, თვალებგადმოკარკლული მივაჩერდი მის ახარხარებულ სახეს, მაინც რას იცინოდა? მაგისთანა სიცილი ჩემს დღეში არ მინახავს, შიგადაშიგ გაჰკიოდა, თავს უკან გადააგდებდა და თვალებმოჭუტული ისე ხარხარებდა, როგორც ალბათ უნდა ხორხოცობდეს ყველაზე დამთხვეული ეშმაკი. ცოტათი შემეშინდა კიდეც. ასეთი არსებისაგან ყველაფერს უნდა მოელოდე. მოკლედ, გასაშტერებელი სურათი იყო! წვიმა_თქეში, უცნაური (თუმცა,კარგი) მუსიკა, ჯოხებიანი და გორგოლაჭებიანი გოგო, თავზე რომაელი ჯარისკაცის ჩაჩქანით, თმების ბოლოები წითლად აღადღადებული.. ხარხარი და შეკივლება...
გვერდით ჩამიქროლა და დამიტოვა სურნელი, ჩემი ბავშვობისდროინდელი, ყველა ბაობაბზე მაღალი აკაციის ხიდან მონადენი უცხელეს ზაფხულებში.
გვერდით ჩამიქროლა და სანამ იმის მწვანე ტრიკოს ვჭამდი თვალებით, ზედა ბილიკიდან კიდევ მომესმა რაღაც ფართხაფურთხის ხმა.
boogie-woogie monsters!!!!! ამან გამიელვა ეგრევე თავში და ადგილიდან მოვწყდი.. იმ ჩაჩქანიან გოგოს ავედევნე, მეგობრებმა შემომძახეს რაღაც მაგრამ მაგათი თავი ვის ქონდა, ზურგსუკან ხმაური ძლიერდებოდა, მე კი უკვე ოფლი მასხამდა! აუ, როგორ მეშინოდა, ცალკე შიში და ცალკე თავაწყვეტილი სირბილი ასფალტის გზაზე, უმძიმესი ბათინკებით გულს გამიხეთქდა მალე, მაგრამ ასე მჯეროდა, რომ თუ გავჩერდებოდი, დამერხეოდა! გოგო დიდად შორს არ იყო ჩემგან, ერთიც არ შემოუხედავს, მიხარხარებდა და ისე გულმოდგინედ უსვამდა იმ ჯოხებს ასფალტზე, რომ ერთი ხანობა ისიც კი ვიფიქრე, ნეტა მეც მქონდეს, ხომ უფრო სწრაფად ვირბენდი მეთქი და სწორედ ამ დროს, ეშმაკმა დალახვროს, კინაღამ ინფარქტმა მგლიჯა: თავსზემოდან რაღაც მწვანე გადმომევლო, მერე კიდე იმ გოგოსაც გადაევლო! ვაიმე, ეს რა იყო, ჩავკვდი მოულოდნელობისაგან, თურმე კიდე ერთი მწვანეტრიკოიანი მიჭოკაობდა, ჭოკებით მოხტუნაობდა, რა! მე კი გავთავდი და! გოგოს სულაც არ შეშინებია, ვფიქრობ კიდეც გაეხარდა, იმიტო რო ხარხარს უმატა და ასე გასინჯეთ, მეც კი გამეცინა.. ალბათ ცოტა შვება ვიგრძენი, იმ რაღაცამ სული რომ არ გამაცხებინა და თავი ცოცხლად დავიგულე. მაგრამ კიდევ მივრბოდი, თითქოს სულ თავისუფლად, აღარც ფეხები მიმძიმდა და გულიც ჩაწყნარდა.. ეს რა დღეში ჩავვარდი მეთქი, ისევ ვფიქრობდი, ოღონდ ამჯერად შეშინებულისა და დამფრთხალის არაფერი მეცხო. ერთი ეგაა, უკან ცოცხალი თავით არ ვიხედებოდი, თითქოს ამიკრძალესო და მივჯლიგინობდი პირმორღვეული. მწვანეებში გამოწყობილი გოგო და ჭოკიანი ბუნდოვნადღა მოჩანდნენ და უცებ მივხვდი, რომ თუ ფეხს არ ავუჩქარებდი, ტყეს ისე შეერეოდნენ, რომ ვეღარ დავინახავდი..ეს გავიფიქრე, თუ არა, იმწამს ასრულდა ჩემი წინასწარმტყველება და ეს ორი დავკარგე!..
ახლაღა შევამჩნიე, რომ მარტო ვიყავი. თითქმის გაშეშებული, ცივი ოფლით სველი კისერიც მივატრიალე, როგორც იქნა – უკან კაციშვილი არ ჭაჭანებდა, არადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურგსუკან უზარმაზარ მწვანეტრიკოიანთა ლაშქარს ვგრძნობდი... რა ჯანდაბა მოხდა?
წვიმა შეწყდა, ჩამოღამდა, ამ ადგილასაც ცხოვრებაში არ მომიდგამს ფეხი... „გვარიანად მირბენია“-გავიფიქრე და ცოტა არ იყოს, გული დამწყდა... ეს ხალხი მაინც არ დამეკარგა.. თუმცა, რას ვაპირებდი, რომც დავწეოდი? და საერთოდ, რა ჯანდაბად გამოვიქეცი? ბორმა მომაწვა ყელში. დებილი ვარ ნაღდი, რა...
ასეთი აზრებით მივაბიჯბდი სველ გზაზე.. ასფალტზეც აღარ მივდიოდი უკვე, ტყის ბილიკს მივუყვებოდი, მოსაცმელის ბარაქიან ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ლამის ცრემლიც კი მომერია, ასე უაზროდ რომ აღმოვჩნდი ამ უკაცრიელ ადგილას. უცებ რაღაც შარიშურის ხმა გავიგონე, გული შემიხტა და სუნთქვა შემეკრა. ფეხები გამიშეშდა, ნაბიჯს ვერ ვდგამდი ვერც წინ, ვერც უკან, სმენად ვიყავი ქცეული. შარიშურს ხმელი ფოთლები გამოსცემდა, რაღაც ნაცნობი რიტმით.. დავუკვირდი, მხედველობა დავძაბე და ამ დროს, როცა ის ის იყო, რაღაც გავარჩიე, ზედ ჩემს სახესთან იმ მოხარხარე გოგოს სახე ამესვეტა და იმხელა პირი დააღო, რომ დედას გეფიცებით, აქამდე მიკვირს, იმწუთას როგორ არ ჩავისვარე შიშისგან!
აზრზე რომ მოვედი, უკვე თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი გზისკენ, თურმე იმ გოგოს ჩემი შეჭმა აზრადაც არ მოსვლია, უბრალოდ იმ თავის მწვანეტრიკოიანთან ერთობოდა და თავზე რომ დავადექი, დიაცურად გამომლანძღა – პირი მოაღო და სულ წივილ-კივილით მამცნო ჩემი იქ ყოფნის უადგილობა...
ეეჰ, უზარმაზარი ტალახის გუნდებიც ავიკარი ბათინკებზე და საბოლოოდ გავბანძდი. აკი ვიცოდი, რომ შეყვარებული წყვილები საღამოს ელოდებიან ხოლმე ტბის გარშემო. ტბა არის მწვანე და სქელი. შეყვარებულები იცვამენ მწვანეს, რომ არ გამოჩნდნენ ტყეში და ტანსაცმლიანად გორაობენ ხეებქვეშ!!! რა სულელი ვარ, რა მომარბენინებდა, აკი ვიცოდი!
მადლობა ღმერთს, გზა მალე ვიპოვე. აქედან უკვე ვიცოდი, როგორ უნდა ჩავსულიყავი ქალაქში.
ტყუილად აქ არავინ ამოდის...
უცებ ხარხარი ამივარდა.. მართლაც და, სასაცილო არ იყო, რა ამბავშიც გავეხვიე? ვის მივდევდი, რომ მივდევდი? რა მინდოდა?
ან ახლა რა მიხაროდა? იხვის ტოლმა და კიდევ ბუს კვერცხები მაცივარში!...
...ერთხელ მაინც ვინმემ მითხრას ნორმალურად, რა პონტია ეს ბუს კვერცხები? რა უნდათ ბუსგან??...

author: ჩემი უღრუტუნებულესობა მე