Wednesday, December 9, 2009




წითელი ლინზა
წაიკითხეთ ეს მოთხრობა და გაიგეთ, როგორ ექცევიან განსხვავებულებს..

ახალი წლის ზეიმზე ზანზიბარამ თავის დას წითელი ლინზები აჩუქა, რადგან და გოთი იყო და ძალიან გაეხარდებოდა წითელი თვალები. მთელი ექვსი თვე (ანუ მანამ, სანამ ლინზების ვარგისიანობის ვადა იქნებოდა) ზანზიბარას და თავს მოიწონებდა ყველა როკ-კონცერტზე და მათ გარეთაც, რადგან ექნებოდა წიიიიიიითელი თვალები, როგორც ვირთხას აქვს, როგორც ვამპირებს აქვთ და როგორც უკვე ზანზიბარას დასაც აქვს.
მოკლედ, ზანზიბარამ თავის დას ზეიმზე წითელი ლინზები აჩუქა. დაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სიხარულით აკუნტრუშდა, მყისვე გადაიცვა თავისი გოთური აღკაზმულობა და უუუუუმწვერვალეს გოთურ პლატფორმებზე შეხტა. მერე ერთი დაიჭიხვინა სიხარულით და ბრუტალ-მეტალ-ტრუმპა-ცუმპა კონცერტზე გაქუსლა. თან გზაში იტენიდა თვალებში ლინზებს. წითლებს, ჰო...
სამწუხაროდ, იმ ქალაქში, სადაც ზანზიბარა და მისი და ცხოვრობდნენ, ბევრი ისეთი ადამიანი დააბიჯებდა, ათასი სისულელით რომ აქვს თავი გამოტენილი და ჰგონია, სამყარო მისი აზროვნებით ხელმძღვანელობს..ამიტომ, რასაკვირველია გაყოყოჩებულიცაა ყველაფერ სიკეთესთან ერთად.
მაინც რატომ ჰგონიათ, რომ მართლები არიან? ალბათ იმიტომ, რომ სულ თავისნაირები ეხვიათ გარს, ოდითგანვე! და არასდროს არავის არ ჩაუკაკუნებია მათთვის თავში, აზრზე მოდი, ბიჭო, ნუ აჩმახებ, ტოლი ნახე, კოჭი გააგორეო..
მოკლედ, ზანზიბარას აღტაცებისაგან მთვრალი და თავის წითელ თვალებს ანათებდა ყოველ შემხვედრს და კონცერტზეც წითელი შუქი რომ იფრქვეოდა, ეგონა, მე ვასხივებო და რას გაიგებ, ეგებდა მართლაც ის ასხივებდა? ბევრი იცეკვა გოგომ, იკუნტრუშკეკლუცა, თავი მოაწონა სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ცხოვრებას ტაკო გაუქიცინა… მაგრამ მოვიდა სახლში წასვლის დროც. ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ! საღამოს ათი საათი გახდა... ისე, ნაუ კი არა, დინგ-დონგ, იმიტომ რომ ნაუ დიიიდი, დიიიიიიიიიიიიდი ზარების ხმებია და არა დამპალი საათის. ოჰ ეგ დამპალი საათი მართლაც, რა! ჯიგარი იყო სალვადორა, რომ ჯღანავდა და ტყლარჭავდა საათებს..
იმას, რომ გაქვს სახლი და გყავს ოჯახი, თავისი მინუსებიცა აქვს და პლიუსებიც, და მადლობა ღმერთს, უმეტესობა შემთხვევაში პლიუსი მეტია. მაგრამ ზანზიბარას დას (დაჰყურებდა რა განათებულ და აძიგძიგებულ ტელეფონს, რომელსაც თითქოს ავი სული შეძრომიაო, ცახცახებდა და ბრიალებდა_ჰმ,სახლიდან ურეკავდნენ) ნამდვილად არ ახსოვდა ოჯახის სიკეთეები. ძალიან გულდაწყვეტილმა აითრია წელი და თავის მოსაწესრიგებლად ტუალეტისაკენ გასწია. ანუ, გაწეწილი თმების ცოტა დასალაგებლად და ლინზებისთვის თვალის შესავლებად.
შენი გარემო, რომელშიც ცხოვრობ, არის ერთგვარი ქსეროქსი, რომელიც გარკვეული კანონზომიერებით ამოიჩემებს შენს რომელიმე დღეს ან კვირას (დასტეპლერებულ შვიდ დღეს) და აქსეროქსებს და აქსეროქსებს. თითქოს აქ არაფერიაო, ისეთი უსინდისო სახით აქსეროქსებს და რაც დრო გადის, ასლის ხარისხი ფუჭდება უბრალოდ, ნაწერი ჩამუქებული, გადღაბნილი ხდება, გაუგებარი ახალი თვალისთვის, მოსაწყენი ცნობისმოყვარესათვის, გულისამრევად ნაცნობი შენთვის და ასე შემდეგ... მთელი შენი ვაჟკაცობა, გამბედაობა კი იმაში გამოიხატება, რომ ამ დამპალ და თავხედ ქსეროქსის მანქანას თავი ახადო და შიგ შენთვის საინტერესო, ახალი ფურცლები დურთო, რომლების რამდენიმე ასლის გადაღებისთანავე (ანუ, როცა გავა 1, 2, 19 კვირა და როცა მოგყირჭდება, რასაც აკეთებდი) შეაგდებ კიდევ სხვას – ნახატს რამეს – მაკიაჟს მაინც გაიკეთებ ახლებურს, თვითმფრინავის ბილეთს დააქსეროქსებ, სადმე დაახვევ, ანუ...კატას დააქსეროქსებ – ოთხფეხა მეგობრები სულს ორფეხებზე ნაკლებ როდი ახარებენ.. იქნებ ვინმე არსება გყავდეს შეგულებული, მიაქსეროქსებ იმასაც და თუ ხვდები, რომ ეს ჩიტი არრრრასოდეს არ მოგბეზრდება, სამუდამო ქსეროქსზეც გაუშვებ, რომ ყოველდღე კი არა, ყოველდრო გვერდით გყავდეს – მისი არსებობა შენს ცხოვრებას დაეტყოს, როგორც ცხელი წყლით სავსე ვარცლის არსებობა დაეტყობა გაყინულ ფეხებს..(ანუ, თუ რა თქმა უნდა, შიგ ჩაყრი) რომ მისი თანადგომა გადაულახავს, აუღებელს და შეუცნობელს შენი შეშინების უფლებას არ აძლევდეს – ჩარგავ მის კისერში თავს და აღარაფრის გეშინია.. ხოლო ყველაფერი ის, რისი მიღწევაც შეიძლება, შენს უბრალო მიზნად იქცეს, რომელიც მიიღწევა, ისევ და ისევ იმ ვიღაცის უბრალოდ არსებობის და უბრალოდ თანადგომის გამო…და რა გეშველება, თუ ის ვიღაც უცბად მოკვდა?? ქსეროქსის მანქანა ხომ ერთადერთი თავხედი მბრძანებელი არაა ამქვეყნად.. რა გეშველება და ჯერ ინერციით განაგრძობ არსებობას, მერე მოეშვები და მოკვდები… უბრალოდ მოკვდები, თავისით მოკვდები, არაფერი განსაკუთრებული.. შენ არაფერი მოგეთხოვება, მაგრამ ეს არაა ამჟამად დიდად სადარდებელი ამბავი. არავინ არ იცის ხოლმე, როგორც წესი, ვინ ვისზე ადრე მოკვდება, თუკი მოკვდება საერთოდ.. მე მგონი ჩვენ იმიტომ ვკვდებით, რომ გვჯერა, ასეც უნდა მოხდეს, აბა გამოჩნდეს ვინმე თავხედი და განაცხადოს, ფეხებსაც ვერ მომჭამს ვერავინ და ვერარა, ვითომ რატომ უნდა მოვკვდეო, მაშინაც მოკვდება ის ვიღაცა? მე მგონი რომ კარგა ხანს მაინც იბორიალებს..ჰო,რავი,რავი.. თან, ბევრს ე.წ. დაცვის მექანიზმები (ფსიქოლოგიური, მაგალითად ფროიდის-უარყოფა, განდევნა) ისე უმუშავებთ, რომ მართლაც, ან მოკვდებიან და ან არა.. ასე რომ, სადარდებელი ჯერ მაინც არაფერია, დარდი მაშინ ნახე, თუ ასეთი ადამიანი, ვისაც სიამოვნებით მიაქსეროქსებდი სამუდამოდ, საერთოდ არ გამოჩნდა..
მშვენივრად გამოიყურებოდნენ ლინზები. ისეთი კვასკვასები და წითლები იყვნენ, მაიმუნის უკანალი მონაგონია! და ზანზიბარას დაც კვლავ სიხარულით აღივსო, მიუხედავად იმისა, რომ სახლში წასვლის დრო იყო მოსული.
კონცერტი ერთ მიყრუებულ ადგილას ტარდებოდა. ნამდვილად ვერ მიაგნებდი შენით, გულითაც რომ გდომოდა… თუ, რა თქმა უნდა, ლაბირინთში ყველის მაძებარი ვირთხასავით არ იყავი გაწვრთნილი. ის კი არადა, რომც მიგეგნო, უკან გამოგნება იყო მეორე ამბავი და მითუმეტეს ზანზიბარას დისთვის, რომელსაც სივრცობრივი ორიენტაცია საერთოდ არ უვარგოდა.
სამწუხაროდ (ნამდვილად სამწუხაროდ) იმ საღამოს ზანზიბარას და გულაჩუყებული იყო თავისი ძმის საქციელით (ლინზები რომ აჩუქა) და ამიტომ გადაწყვიტა, მეამბოხეობა დროებით დაევიწყებინა და მალევე მოესვა სახლისაკენ. კონცერტი ჯერ დამთავრებული არ იყო, ხალხი ახლახანს შესულიყო მუღამში, დაქალსაც ეს-ესაა შეება ერთი სიმპო ბიჭი, წინა ჯგუფის ვოკალისტი და მთელი მონდომებით ეფარცქველებოდა. აბა ის რისი წამომსვლელი იყო და ზანზიბარას დაც მარტო გამოეტენა გაძეძგილი კლუბიდან,
ცივი ჰაერი, ღამის ცივი ჰაერი ეცა სახეში. ცხვირი შავ პალტოში ჩარგო და იქით გამოსწია, საითაც გასასვლელი ეგულებოდა. კუთხიდან შავმა კატამ დასჭყივლა და ზანზიბარას დამ გაიფიქრა, ეს ცუდის ნიშანიაო, მაგრამ ვაი, რომ საკმარისად ცრუმორწმუნე არ გახლდათ! რა კარგი იქნებოდა, კლუბში დაბრუნებულიყო და თავისი დაქალის ტყლარჭვისათვის დილამდე ედევნებინა წითელლინზიანი თვალი.
მაგრამ ზანზიბარას დამ გზა გააგრძელა – კლუბიდან გამოსული ორი ტიპი დაინახა, ალბათ ქუჩაში გადიან ესენიცო და შტერი კნუტივით დანდობილად გაყვა უკან.
მიალაჯებდა ორი აყლაყუდა, თან რაღაცაზე კამათობდნენ გაცხარებით. ზანზიბარას და კი, გულში შიშშეპარული, თავდახრილი მისდევდა უკან.
თითქმის მთელმა საუკუნემ განვლო, სანამ ქუჩამდე გააღწევდნენ. როგორი საყვარელი და კეთილი ეჩვენა ზანზიბარას გოთ დას განათებული და ხმაურიანი ქუჩა! Aაყლაყუდებმა მარცხნივ გაუხვიეს, გახარებულმა გოგომ კი ავტობუსის გაჩერებას მიაშურა. საბედნიეროდ, სკამიც დახვდა (სკამი დიდი ბედნიერებაა, როცა გეჯდომება)
დაჯდა და კმაყოფილი სახით ავტობუსს დაუწყო ლოდინი.

ღამის ქუჩის განათებაზე წითელი ლინზები ალბათ სულ სხვანაირად იბრჭყვიალებდნენ! და ზანზიბარას დამაც ჩანთიდან პატარა სარკე დააძრო. თავის გამოსახულებას მიესიყვარულა. ჩათვალა, რომ მშვენივრად გამოიყურებოდა და ამაყად ასწია რკინეულობით დამძიმებული თავი (ორმოცდაათამდე რკინის თმისსამაგრი ჰქონდა მიეკლებული თმებზე)
გოგოს ამაყი მზერა იქვე მდგომ წყვილს შეეფეთა თვალებში. რა საოცარი შეგრძნება იყო – ეგრევე შეუძვრნენ, შეანათეს ერთმანეთს - თვალი თვალში გაუყარეს. და ზანზიბარას დამ ამ თვალებში კარგი ვერაფერი ამოიკითხა. იმათაც იგივე გაიფიქრეს. უთუოდ არაფრად ეჭაშნიკათ გოგოს წითელი თვალები, აცმუკდნენ. რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს. ეს ჩურჩული ყმუილს, წკმუტუნს, შეკავებულ ღრენას უფრო გავდა, ვიდრე რაიმე ადამიანურ ხმას.
ზანზიბარას და გააჟრჟოლა. სიცივეს დააბრალა. ამ დროს მისი ავტობუსიც ჩამოდგა გაჩერებაზე. და ის იყო, კიბეზე უნდა აედგა პლატფორმიანი ფეხი, რომ ხელში ვიღაც წვდა და უკან გაითრია. ავტობუსის კარი ჩლახუნით დაიკეტა და ეს ყვითელი მატლი ისეთი კუდამოძუებით გავარდა, რა სიჩქარითაც ნამდვილად არასდროს უვლია, არც ავტობუსს და მითუმეტეს, არც მატლს.
ზანზიბარას დამ გაოგნებულმა გააყოლა თვალი ბოლო ავტობუსს და უცბად აასხა. ახლა მეტროთი მოუწევდა თრახთრახი, აბა სადღა ქონდა ტაქსის ფული? მიუტრიალდა თავხედს და არააადამიანური ხმით (გაცოფებული გოგოს ხმით, რომელიც ბრუტალ-მეტალ-ტრუმპა-ცუმპას უსმენს დღედაღამ) უღრიალა:
-რა გინდა? ვინა ხარ? რატომ ჩამომათრიე, შე დამპალო?
ისე იყო გაღიზიანებული, რომ შიშს ვერ გრძნობდა. ვერ ხედავდა, უცნობი ქალი და კაცი რა გაავებულები უმზერდნენ. ვერ ხედავდა მათ სახეზე გადაფენილ ზიზღს, ვერ ხედავდა მათ მომუშტულ ხელებს.
-თხლაშ!.......
გაიგონა გოგომ და მიიკარგა.
გონზე რომ მოვიდა, საშინელი ტკივილი იგრძნო თვალებში. ძლივს გაარჩია, მის სახესთან დახრილი ორი სილუეტი. ეს ის ქალი და კაცი იყვნენ, გაჩერებაზე მუშტი რომ თხლიშეს სახეში. ბნელოდა. გაჩერებაზე აღარ იყვნენ, თავი ცივ კედელზე ქონდა მიყრდნობილი, სველ მიწაზე ეგდო. იქაურობა შარდის სუნად ყარდა. ეს ორნი კიდევ ძალით ახელინებდნენ თვალებს და თან ფანარს ანათებდნენ შიგ.
-კი,კი, წითელია! Nამდვილად ის არის! –აჩქარებით ბლუკუნებდა ქალი.
-თან დუჟიც გადმოსდის პირიდან! რა უნდა ვქნათ? – იკითხა კაცმა ისეთი იერით, რომ ეტყობოდა, ბევრი დარწმუნება არ სჭირდებოდა, ისედაც იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
-მალე, მალე, სანამ ვინმე მოსულა! მერე ახსნის თავი არა მაქვს! ისედაც ხომ ვიცით, რომ სწორად ვიქცევით?! ვერ ხედავ, ეს გოგო ეშმაკეულია! – ღრინავდა ქალი – დროზე მოუღე ბოლო, სანამ საბოლოოდ მოსულა გონზე და ნაწლავები გამოუგლეჯია ჩვენთვის!! მალე! მალე!
-მე.. მე არ შემიძლია! – თქვა უცებ კაცმა და გოგოს ხელი ცივად გაუშვა. –მე არ შემიძლია!
-რაა?? –ზიზღით აივსო ქალი.
-მერე მაგისიანები მიპოვნიან და შურს იძიებენ.. ჩაიბურტყუნა კაცმა და გავარდა. თავქუდმოგლეჯილი გავარდა. გზადაგზა პირჯვარს იწერდა გამალებული და ისე მიქროდა, ერთხელაც არ მოუხედავს უკან.
ქალმა აღარ იცოდა, რა ექნა – კაცს გაჰკიდებოდა თუ საქმე თვითონ მიეყვანა ბოლომდე.
-დამპალი ვირთხა!- ჩაისისინა გამწარებით.
-დამპალი, მშიშარა ვირთხა! არადა, მსოფლიოს რომ კითხო, კაცები არიან, რაც არიან! ერთ კახპას ვერ გამკლავებია, ღორს ეშმაკებთან მებრძოლად მოაქვს თავი! Aხლა ეს გრძნეულიც უნდა გავუშვათ, რომ მერე ჩვენი ქალაქის ბავშვები დაჭამოს?? სისხლით გატიკნულა, თვალები რპგპრ უელავს! Mისვენებულა აქ, ვითომ ცუდადაა, არადა, მაკვირდება, ერთი სული აქვს, გაქცევას როდის გადავწყვეტ, რომ მერე კბილებით მწვდეს კანჭში და ხორცი ამაგლიჯოს! როგორც იმ ფილმშია, ისე!
ქალი მთლიანად ცახცახებდა, ზანზიბარას დას საფეთქლებზე ოფლმა დაასხა. ორი მდედრი შეშინებული შეჰყურებდა ერთმანეთს თვალებში და არ ესმოდათ, არცერთს არ ესმოდა, რა ხდებოდა.
-ხმასაც რომ არ იღებ, გგონია, შენი მეშინია??
და ქალი უცბად ფეხზე წამოვარდა – Qქალში განსხეულებულო სატანავ, შენ ქალი მოგიღებს ბოლოს! გგონია მაგ მდუმარე, გაფითრებული სახით მომილბობ გულს? გგონია ჩემს შენხელა შვილს შეგადარებ და დავეჭვდები შენს ბოროტებაში? გგონია არ გავაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ჩემი ვალია? გგონია, რახან ჩემი კაცი ასე გაიქცა. მეც შემაშინებს შენი შურისძიება??
ქალი უკვე გაჰყვიროდა და ვაი, რომ ამ ყვირილით ძალას იკრებდა, საკუთარ ძლიერებაში, საკუთარ ყოვლისმომცველობაში ირწმუნებდა თავს. ვაი, რომ ყოველი სიტყვა გონებას ურევდა, ვაი, რომ გოგოს თავზე ჯერ რქები “დაინახა” ქალმა, მერე კუდი, ბოლოს ჩლიქებიც “გამოჩნდნენ”.
-მოკვდი, ვოლანდ! დაიწივლა ქალმა და მისვენებულ, შიშისაგან გახევებულ გოგოს მუცელში დანა ტარამდე შეასო.
-მოკვდი, წყეულო სატანავ! დაატრიალა დანა ქალმა.
-მოკვდი, გრძნეულო! დაიხავლა გაგიჟებულმა და დანა ახლა ზურგში ჩაარტყა წინგადმოხრილ გოგოს.
-მოკვდი, ლუციფერო!
-მოკვდი, დემონო!
-მოკვდი, საზიზღარო ტარტაროზო!
-მოკვდი, მოკვდი!
-მოკვდი!
და ქალი უსულოდ დაეცა მიწაზე.

ეს "მოთხრობა" შეიცვლება...მაგრამ სანამ არ მცალია/მეზარება, ეგდოს ასეთად...ფიჰ..:P

1 comment:

  1. გინდა ცოტა დავხვეწოთ ბლოგი ახალი დიზაინი დავაყენოთ აგიხსნი რა გაჯეტები ჩაამატო რა საიტები გამოიყენო. კარგად წერ და ასე მეტ მკითხველს მოიზიდავ

    ReplyDelete