Wednesday, December 9, 2009


ასკილი
თანდათან ვრწმუნდები, რომ ეს მოთხრობა ავადმყოფობის დროს ნანახ სიზმარზე უარესია..თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არა აქვს, რადგან თუ მას წაიკითხავთ, ხიფათს გადაეყrებით, თუ არ წაიკითხავთ, ხათაბალაში გაეხვევით, ხოლო თუ თავის დაძვრენის მიზნით სხვას ეტყვით, ხმამაღლა წამიკითხეო, კანის კიბო არ აგცდებათ! ასე რომ, ვივა გზაჯვარედინებს! დააა... თამამად, თამამად!

იდგა მონიტორი. უფრო სწორად, პროცესორი. აუჰ, ის ყუთი, ფუტკრის ფიჭასავით დახვრეტილი უკანალით, თუ ზურგით. ზემოდან დახტოდა ვირჯინია. ანუ, ზურგზე დახტოდა, თუ დარბოდა. ააგდებდა ქვას და შეუშვერდა თავს. ხანდახან ქვა ძირს არ ვარდებოდა, ანუ არ ვარდდებოდა. ასეთ დროს ვირჯინია მუცელში იცემდა სამართებელს და გარბოდა დეპილაციის გასაკეთებლად.
იმ დღეებში, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, სხვები კარგად ვიყავით და გრამატიკასაც ვსწავლობდით. მაგრამ, ერთხელაც, ვირჯინიას ყველაფერი აერ-დაერია და ქვის მაგივრად სამართებელი ააგდო ზევით. თავი რომ შეუშვირა, სამართებელმა თმები წააჭრა და რადგან ვირჯინია იყო სამსუნი, ისე დაუძლურდა, რომ ძლივძლივობით აიღო ქვა და მუცელში (თუ...) ირტყა და ირტყა. ისიც ძლივძლივობით.
როცა დასუსტებული ვირსონი საბოლოოდ პროცესორიდანაც ჩამოვარდა და კისერი მოიმტვრია, სხვები, და ანუ ჩვენ, გავკოტრდით და აღარ გვქონდა დრო და ძალი გრამატიკის სწავლისა. ავიღეთ დაბალპროცენტიანი სესხი და გავეშურეთ ბედის საძებნელად. ბედი იგივე მაღალანაზღაურებადი უსაქმურობაა, ამიტომ სასიარულო ბევრი გვქონდა და ჩვენც, ანუ სხვები, კარგად მოვემზადეთ.
თავდაპირველად, გავიყავით რაც გვებადა: პროცესორი ერგო უფროს დას, ქვა შუათანას, სამართებელი კი უმცროსს. ანუ ნაბოლარას და ზოგიერთი ზღაპრისაგან განსხვავებით, ყველაზე ჭკვიანს.
მე, რადგანაც ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი, არაფერი დამიტოვეს, გრამატიკის წიგნის გარდა, რომელიც მალე გაქრა, საპატიო მიზეზების გამო. არავითარი მისტიკა, სულ მარტივი მოძრაობით კუდრაჭა გლეხებმა ტრაკში გამოისვეს.
ჩვენ, ანუ სხვები, სარჩო-საბადებლის გაყოფას რომ მოვრჩით, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, ღირდა თუ არა უსაქმურობის საძებნელად წასვლა, ამ მძიმე სამუშაოს კეთება ხომ აქაც შეგვეძლო. ალბათ გვეშინოდა ახალი ცხოვრების დაწყების. მაგრამ მერე გაგვახსენდა, რომ აქ, იქაურობისაგან განსხვავებით ნამდვილად არავინ გადაგვიხდიდა და ამიტომაც გავუდექით გზას.
თუმცა მე რა... გაუდგნენ ჩემი უფროსი დები. მალე გაიყარნენ კიდეც, რადგან გზაჯვარედინი აუცილებლად შეხვდებოდათ და თავ-თავიანთ გზას დაადგნენ. მე ჯერ კიდევ ჩემი კისერმომტვრეული ვირსონის საშოში ვიჯექი და მიუხედავად დიდი აქტიურობისა, ვირსონის კისერმომტვრეულობამ მაინც შემიშალა ხელი, მეც დავდგომოდი რაიმე გზას, მაგრამ ბედმა არ გამწირა და ჩემი უფროსი დები უკანვე მობრუნდნენ, არ კი ვიცი, რატომ.
ვირსონის მუცლიდან რომ ამომათრიეს, ეგრევე წავიდნენ და მეც უკან გავყევი.
ავედით ჯერ მთაზე. იქ სწრაფად სიარული გვიჭირდა და ამიტომ ასკილის კრეფით ვირთობდით თავებს, სამართებლით ვკეპდით, ქვით ვსრესდით და პროცესორში (რომელიც დიდი ხანია გამოშიგნული იყო) ვყრიდით. ვიმედოვნებდით, რომ როდესმე შევძლებდით უსაქმურობით ნაშოვნ სახლში ამ ასკილის ჩაის მშვიდად დალევას.
მალე მე გავცივდი და ჩემი უფროსი დებისათვის კიდევ ერთხელ რომ არ შემეშალა ხელი ბედის ძიებაში, კლდიდან გადავხტი.
ეს კლდე იყო პროცესორი, რომელსაც ჰქონდა ფიჭა. ფიჭის ნასვრეტებს უკან მოჩანდა დანაყილი ასკილი, რომელსაც ყოველმიზეზგარეშე ჩაიდ ქცევა ეწერა.
მე, როგორც არაწესიერი და იშვიათად გამოყენებადი ზმნა, მალევე დამივიწყეს უფროსმა დებმა. მაგრამ მე მათ ყველაფერს ვპატიობ, მითუმეტეს, რომ ჩემი არსებობა მხოლოდდამხოლოდ სასიამოვნო სიზმრით თავის მოტყუება იყო და მეტი არაფერი.
ჩემმა უფროსმა დებმა მართლაც იპოვეს, რასაც ეძებდნენ და ხალხმა მათ ბედნიერი დები შეარქვა.
მეზარება მათზე თქვენთვის მოყოლა, თან, კაცმა არ იცის, გაინტერესებთ, თუ არა. ერთს გეტყვით მხოლოდ, ასკილს თუ დანაყავთ, უფრო კარგად გამოუშვებს წვენს და თქვენც მეტად ისიამოვნებთ მისი ნაყენის მირთმევით.
T.B.

No comments:

Post a Comment