Saturday, March 19, 2011

ტაშის ამტეხები

- დღეს კაკო კარგ ხასიათზეა, ესე იგი მთელ სპექტაკლს გაატარებს - გადაუჩურჩულა დიდმა თეონამ პატარა თეონას და ჩანთიდან წიგნაკი ამოაძვრინა.
- გვეღირსა! დღეს ალბათ მოვათავებთ - თქვა პატარა თეონამ და თავის უფროს კოლეგას შავი ფანქარი მიაწოდა.
კაკოს კარგი ხასიათი მსახიობ ლოშას მთლად ვერ გადაედო, რადგან კბილი სტკიოდა და ღამის უძინარი იყო, მაგრამ მაინც კარგად შეასრულა თავისი როლი და დიდმა თეონამ უყოყმანოდ ჩაინიშნა:
ტაში პირველი: ლოშა - მონატრების კიდევ ერთი დღე მაჩუქე, სულო .... და გავფრინდებით ჩვენ იქ!
- აი ამ სიტყვებზე მოვემზადებით და "გავფრინდებით ჩვენ იქ"-ზე დავცხებთ! არ დაგავიწყდეს - უთხრა დიდმა თეონამ პატარა თეონას.
პატარა თეონამ თავი დაუქნია და თითები დაიტკაცუნა.
- სიწყნარე, თუ შეიძლება! - სათვალეებსზემოდან გადმოხედა სცენის მტვრით გაბუღულმა კაკომ თეონებს. ლოშა სავარძელზე მიწოლილიყო, თვალები მიელულა და მძინარე ტიპს თამაშობდა სიამოვნებით, მეტისმეტი მონდომებით და მოკლედ, შესანიშნავად.
ამ დროს თვალშინაცარშეყრილი მსახიობი ქალი ანა ტელეფონის ყურმილს აწვალებდა და ვითომ უშედეგოდ ცდილობდა დედასთან დარეკვას. კაკო ჯერ კიდევ კარგ ხასიათზე იყო, ნერვიულ მოძრაობებს კარნახობდა მსახიობ ქალ ანას და ჟილეტის ჯიბეში მიჩუმათებული მობილური ტელეფონი აღარც ახსოვდა.
პატარა თეონამ პირველივე ხელსაყრელ მომენტში წაიბურტყუნა.
დიდი თეონა მოთმინებით ელოდა მეორე სატაშე მომენტს.


თეონა ბაკურაძე

No comments:

Post a Comment