Saturday, April 9, 2011

"ოთხი კედლის ილუზია" ანუ როგორ ვეცადე, დამედგა ფოტო:)

ყველა "პირწიგნაკელმა" კარგად იცის, თუ რა ხშირად ტარდება კონკურსები "პირწიგნაკზე" და ალბათ ხანდახან წასძლევთ ხოლმე მონაწილეობის სურვილიც. მეც, ერთ მშვენიერ დღეს ვნახე "ბილაინის" გამოცხადებული ფოტოკონკურსი, გარემოს დაცვის თემაზე.

http://www.facebook.com/pages/KINOS-SAXLI/360788348427?ref=ts&sk=wall#!/note.php?note_id=162111570512242

არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა რამე გადამეღო. საერთოდ, ერთი რაღაც მჭირს - როდესაც რაიმე გამოწვევაა, თუნდაც ნაკლებ მიმზიდველი, არ შემიძლია გულგრილად ავუარო გვერდი, რადგან მერე მეწყება სინდისის ქენჯნა, რომ რატომ არ ვაკეთებ იმას, რატომ არ ვაკეთებ ამას, რომ მომენდომებინა, გამომივიდოდა და ა.შ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ კონკურსებში მონაწილეობის მიღება სინდისის ქენჯნის თავიდან ასაცილებლად მჭირდება.. თუმცა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამისთვის:)
მოკლედ, ერთი საღამოს, ჩემი და ჩემი დის "ტვინის შტურმის" თუ "გონებრივი იერიშის" შედეგად (სხვათა შორის, ეს ტექნიკა მართლა ძალიან მაგარი რამაა) გაჩნდა იდეა, რომ ნაგავსაყრელზე გადამეღო ჩვეულებრივი, ოჯახურ-საუზმური სიტუაცია. წარმოვიდგინე სცენა და ვეღარ მოვისვენე.


იდეის განხორციელება დაიწყო ნაგავსაყრელის ძებნით. სიმართლე გითხრათ, გლდანის ნაგავსაყრელის დიდი იმედი მქონდა, თუმცა, გუგლში ცოტაოდენი ძრომიალის შედეგად აღმოვაჩინე ( მაგრამ ახლაც კი არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, იმიტომ, რომ გადამოწმება დამეზარა) რომ ჩემი გადამრჩენელი გლდანის ნაგავსაყრელი აღარ არსებობს. მწვანე ზონადაა გამოცხადებულიო, თუ რაღაც.. ასე რომ, დავიწყე საკუთარი ექსპედიციები.
ვაზისუბნისა და ვარკეთილის შორის არსებულ მინდვრებში მქონდა ნაგვის პოვნის დიდი იმედი. ამიტომ ერთ ქარიან დღეს (ვარკეთილში ეს იშვიათობა არაა) ავაწიოკე ჩემი მეგობარი ეკა 9რომელიც სასწაულებრივად დამთანხმდა ქარში ნაგვის საძებნელად გამოყოლაზე) და დავიწყეთ ოპერაცია, სახელად "ნაგავსაყრელი".
ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ (ცოტა ვიარეთ), აღმოვაჩინეთ ასე თუ ისე, დანაგვიანებული ადგილი. მართალია, მე უფრო მასშტაბური ნაგავი მესიამოვნებოდა (რა ეგოისტი ვარ), მაგრამ ესეც არ იყო ურიგო. მოვნიშნეთ ტერიტორია (კოგნიტური სქემა შევიქმენი, ანუ ტვინში "ჩავინიშნე" ეს ადგილი) და წამოვედით ბედნიერები და კმაყოფილები. მე იმიტომ ,რომ ნაგავი ვიპოვე, ეკა იმიტომ, რომ მალე დამთავრდა ეს საზარელი ბოდიალი ქარში.

ეკა

სახლში მოსული ვეცი amindi.ge-ს და დავიწყე თავის მტვრევა იმაზე, თუ როდის უნდა გადამეღო ფოტო.
ზემოტ დამავიწყდა მეთქვა, თუ როგორი სასიამოვნო, თუმცა არც ისე ადვილი საქმეა რეკვიზიტების შეგროვება. სიას იცოცხლე, ხრიგინ-ხრიგინით ჩამოწერ, მაგრამ მერე შოვნაა რთული. ჩემი მეგობრები რომ არა, ვერაფერს ვერ მოვახერხებდი. საჭირო ნივთების დიდი ნაწილით მაიამ მომამარაგა. ყველაზე მეტად გართულდა მაგიდის შოვნა. ჯერ გასაშლელ მაგიდას ვეძებდი, უფრო სწორად, დასაკეცს, რომ მანქანაში ჩატეულიყო. რამენაირად ხომ უნდა მიმეტანა დანიშნულების ადგილას! თავის მტვრევა მაშინ გჭირდება ადამიანს, როცა ცდილობ, მინიმალური ხარჯებით გააკეთო რაღაც (სადაა ფული, თორე კი არ მენანება: ) თორემ 25 60 60 და მისი ჯანი, მთელ სახლს არ გადავზიდავდი? სწორედ ამის გამო ამოვიღე სცენიდან ტელევიზორი თავისი ტუმბოთი, რაზეც აქამდე მწყდება გული, რადგან ტელევიზორი ძალიან "სახლურია".

გადაღებისათვის სახარბიელო დღე სამყაროს საჩუქარს გავდა, რადგან იყო მზიანი და უქარო , რომელიც ვარკეთილში, ორ უქარიანეს დღეს შორის გამობრწყინდა. ავიბარგეთ მე და მაია, გამოვპრანჭეთ (უფრო სწორად, მაიამ გამოპრანჭა) თავისი უსაყვარლესი გოგონა, ანასტასია და როცა დათომაც მოაღწია ვარკეთილამდე თავისი სამეფო სკამითურთ, გავემართეთ მინდვრის პატარა არეულობისაკენ:)

დაიწყო ამაღელვებელი მზადება-გაწყობა:პ


და მცირე ხნის სახალისო (თუმცა, ცოტა საწვალებელი ფოტო-სესიის შემდეგ) მივიღეთ ის, რაც მივიღეთ:)


საღამოთი სახლში მობრუნებულმა ეს მეორე ფოტო გავაგზავნე კონკურსზე. პირველი უფრო მომწონს, როგორც ფოტო, მაგრამ მაინც მეორეზე შევაჩერე არჩევანი და ახლა ვნანობსავით:p

ფოტოს ქვია "ოთხი კედლის ილუზია", რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, საკუთარი სახლი ციხე-სიმაგრედ გვაქვს ქცეული და გვგონია, რომ ის, რაც გარეთ ხდება, ხდება ჩვენი სახლის გარეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვეხება. რეალურად კი, კედლები არ არსებობს მთელი დედამიწის, მთელი სამყაროს მასშტაბით:)

მთავარი ამ ამბავში, მსუქანი მიზეზი, რის გამოც მე ამ პოსტის დაწერა მომინდა, არის ის, რომ მე მყავს ადამიანები, რომლებიც გვერდში მიდგანან და მეხმარებიან (ბუზღუნის გარეშე) ჩემი ახირებების განხორციელებაში, იციან რა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ არის ადვილი, საკუთარ საქმეებს მოსწყდე და ერთ თითქმის ავანტიურისტს სადღაც ნაგავსაყრელებზე სდიო, საძებნელად თუ გადასაღებად, აღარაფერს ვამბობ არცთუ ისე მსუბუქი რეკვიზიტების თრევაზე:)

<3 ფოტომ ამ კონკურსზე აი ეს დაიმსახურა:)




რისთვისაც დიდი მადლობა ბილაინს:)
თეონა ბაკურაძე

No comments:

Post a Comment